პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს.
„დღეს სურათი ბოლომდე არ არის გამოკვეთილი. გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ, რომ გარკვეული სანქციები დაუწესეს ევროკავშირის წევრებმა, ასევე ამერიკამ ამ ორ აღიარებულ სუბიექტს დაუწესა სანქციები, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვსმენია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი ამ და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში.
ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.
უნდა ითქვას პირდაპირ, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგ. ეს წესრიგი, ეს რეალობა დღეს გადახედვის პროცესშია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია ჩვენთვის. ჩვენ მშვიდად, ცივად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ არ აქვს იმის თქმის, საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყანას.
„ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება.
საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.