ჩრდილოატლანტიკური საბჭო: უკრაინაზე რუსეთის „შემზარავ თავდასხმას“ გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება

ჩრდილოატლანტიკური საბჭო „უკრაინაზე რუსეთის შემზარავ თავდასხმას უმკაცრესად გმობს, რომელიც იყო სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ასევე გმობს ბელორუსის მხრიდან ამ თავდასხმის ხელშეწყობას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ადასტურებს.


„ეს არის აგრესიის აქტი დამოუკიდებელი მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის ხალხის და მისი ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში“, - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო.

მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება და გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, სრულად პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და დაუშვას უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება ყველა გაჭირვებული ადამიანისთვის.

„მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას,  აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. ეს კიდევ უფრო არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც რუსეთია. მოკავშირეები არასოდეს მიიღებენ ამ უკანონო აღიარებას.

  • რუსეთის ლიდერებმა სრულად უნდა აგონ პასუხი თავიანთი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან.

მთელი ამ კრიზისის განმავლობაში NATO, მოკავშირეები და ჩვენი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობდნენ რუსეთთან დიპლომატიის და დიალოგისთვის, ჩვენ არაერთხელ მოვიწვიეთ რუსეთი NATO-რუსეთის საბჭოში მოლაპარაკებებზე. რუსეთს ჯერაც არ უპასუხია. ეს არის რუსეთი და მხოლოდ რუსეთი, რომელმაც აირჩია ესკალაცია.

  • რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ამას გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება. NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავდაცვითი გეგმების შესაბამისად ვიმოქმედებთ მოკავშირეების დასაცავად და გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური.

ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით ურყევია. ჩვენ ერთად ვიდგებით ერთმანეთის დასაცავად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა