ლუკაშენკo: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება

 ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მოგვიანებით განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება.

„ჩვენი ჯარი იქ არ იმყოფება, მაგრამ თუ ეს დასჭირდება რუსეთსა და ბელარუსს, ჯარი იქ იქნება“, -ციტირებს ლუკაშენკოს რადიო თავისუფლების ბელორუსის ბიურო.

ლუკაშენკომ 24 თებერვალს დამოუკიდებლობის სასახლეში სამხედრო საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის დროს მან სთხოვა პუტინს, რომ ერთობლივ წვრთნებში, „საკავშირო სიმტკიცე 2022“ მონაწილეობის მისაღებად, რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი ბელორუსში დაეტოვებინა.

„მოსკოვში ბოლო შეხვედრის დროს, მე პირადად შევთავაზე პუტინს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილის დატოვება ბელორუსის სამხრეთში. რატომ? მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მზად, ამ შემთხვევაში დაგვეცვა სამხრეთის მიმართულება, რადგან უკრაინული სამხედრო ნაწილები - სამხედრო და არა სასაზღვრო - საზღვრისკენ დაიძრნენ და იქ მანევრები წამოიწყეს. ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ იქ ჩვენ ჯარი არასოდეს გვყოლია. ამიტომ, მე შევთავაზე [პუტინს] დაეტოვებინა რუსეთის ჯარის მცირე ნაწილი სამხრეთ საზღვარზე მანამ, სანამ მათ არ ჩავანაცვლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალებით“, - განაცხადა 24 თებერვალს ალექსანდრე ლუკაშენკამ რადიო თავისუფლების ცნობით.


უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.

NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას მკაცრესად გმობს.