საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. მოქალაქეები უკრაინის დროშებით შეიკრიბნენ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში. აქციებზე ჩართეს უკრაინის ჰიმნიც.
„საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია", - აცხადებენ პარტია "დროაში", რომელიც თბილისში გამართული აქციის ორგანიზატორია.
რადიო თავისუფლების ცნობით, გორში უკრაინის სოლიდარობის აქცია სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. აქცია ზუსტად იმ ადგილას იმართება, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა კასეტური ბომბი ჩამოაგდო. მაშინ ქალაქის ცენტრში ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი და ქალაქის მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. აქციის მონაწილეები გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და გმობენ ოკუპაციას.
აქციის დასასრულს სამოქალაქო აქტივისტებმა „კონსერვატორული მოძრაობის" ახალგახსნილ ოფისზე მიაწებეს უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები, წუხელ კი ეს ოფისი წითელი საღებავით შეღებეს. 24 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს