აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის აღიარების“ დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„აფხაზმა ხალხმა ეს ყველაფერი უკვე გადაიტანა. ჩვენი თანაგრძნობის მიზეზიც ჩვენი ბედის მსგავსებაა - 4 მილიონი რუსულენოვანი ადამიანი უკრაინაში ფაქტობრივად გენოციდის წინაშე აღმოჩნდა.
ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მეგობრებს ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების გათვალისწინებით ვეხმარებოდით. ვცდილობდით მარტო არ დაგვეტოვებინა იმ უბედურების პირისპირ, რომელიც მათ დონბასში დაატყდათ თავს. ახლაც იცით, რომ აფხაზეთში დსრ-სა და ლსრ-ის მოქალაქეების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა.
უკრაინა აგრესიული იყო და არის ე.წ. კოლექტიური დასავლეთის წახალისებით, სწორედ ისე, როგორც ეს თითქმის 30 წლის წინ მოხდა, როცა საქართველო შეეცადა აფხაზებისთვის ბოლო მოეღო. ამ პოლიტიკას, ნაციონალიზმის ყველა გამოვლინებით, თავისი ისტორიული ფესვები აქვს. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ როგორ გამძვინვარებული იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ, აფხაზი ხალხის სამამულო ომში, საქართველოს ჯარის უკრაინული დაჯგუფებები „უნა-უნსო“. ამის დავიწყება შეუძლებელია.
დსრ-თან და ლსრ-თან ჩვენი მეგობრობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომავალშიც მათი ბედის მონაწილეები ვიყოთ. გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ძმებს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. დღეს მე ხელი მოვაწერე ბრძანებებს: დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას სრულიად აფხაზური საზოგადოება ემხრობა.
ვავალებ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მოემზადონ აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დასადებად, ასევე მათთან დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყებად“.
„რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა...როდესაც კონფლიქტმა კრიტიკულ მიჯნას მიაღწია; როცა სასიკვდილო იარაღით დატვირთული უკრაინა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე მოამზადეს დსრ-სა და ლსრ-ის მოსახლეობის გასანადგურებლად; როცა რეგულაციის ყველა სამშვიდობო რესურსი ამოიწურა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეღიარებინა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე მივიჩნევ, რომ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ჩვენი მოკავშირის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სამართლიანია, ხოლო სპეციალური საომარი ოპერაცია - აბსოლუტურად გამართლებული“, - ამბობს ასლან ბჟანია.