თეგი: აფხაზეთი

საგარეო უწყება: საოკუპაციო რეჟიმებს არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯების, რომლებიც კრახით სრულდება

"საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. აღნიშნული კომენტარი საგარეო უწყებამ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გაეროში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს. „საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.    

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭოს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში, რუსეთის „საელჩოში“ გადასცა „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს.    ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 5-ს: რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს. ხოლო, გაეროში მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში - წმინდა საყდარი და პალესტინა.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა აღიარა“

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის აღიარების“ დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „აფხაზმა ხალხმა ეს ყველაფერი უკვე გადაიტანა. ჩვენი თანაგრძნობის მიზეზიც ჩვენი ბედის მსგავსებაა - 4 მილიონი რუსულენოვანი ადამიანი უკრაინაში ფაქტობრივად გენოციდის წინაშე აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მეგობრებს ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების გათვალისწინებით ვეხმარებოდით. ვცდილობდით მარტო არ დაგვეტოვებინა იმ უბედურების პირისპირ, რომელიც მათ დონბასში დაატყდათ თავს. ახლაც იცით, რომ აფხაზეთში დსრ-სა და ლსრ-ის მოქალაქეების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. უკრაინა აგრესიული იყო და არის ე.წ. კოლექტიური დასავლეთის წახალისებით, სწორედ ისე, როგორც ეს თითქმის 30 წლის წინ მოხდა, როცა საქართველო შეეცადა აფხაზებისთვის ბოლო მოეღო. ამ პოლიტიკას, ნაციონალიზმის ყველა გამოვლინებით, თავისი ისტორიული ფესვები აქვს. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ როგორ გამძვინვარებული იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ, აფხაზი ხალხის სამამულო ომში, საქართველოს ჯარის უკრაინული დაჯგუფებები „უნა-უნსო“. ამის დავიწყება შეუძლებელია. დსრ-თან და ლსრ-თან ჩვენი მეგობრობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომავალშიც მათი ბედის მონაწილეები ვიყოთ. გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ძმებს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. დღეს მე ხელი მოვაწერე ბრძანებებს: დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას სრულიად აფხაზური საზოგადოება ემხრობა. ვავალებ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მოემზადონ აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დასადებად, ასევე მათთან დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყებად“. „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა...როდესაც კონფლიქტმა კრიტიკულ მიჯნას მიაღწია; როცა სასიკვდილო იარაღით დატვირთული უკრაინა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე მოამზადეს დსრ-სა და ლსრ-ის მოსახლეობის გასანადგურებლად; როცა რეგულაციის ყველა სამშვიდობო რესურსი ამოიწურა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეღიარებინა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე მივიჩნევ, რომ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ჩვენი მოკავშირის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სამართლიანია, ხოლო სპეციალური საომარი ოპერაცია - აბსოლუტურად გამართლებული“, - ამბობს ასლან ბჟანია.

მარგარიტა სიმონიანი: რა საჭიროა სამარცხვინო საბაჟო პუნქტი აფხაზეთში?!

რუსული მედიასაშუალება Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის" არსებობას, სამარცხვინოდ მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს. "გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან. ჰოდა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო "საზღვარი და საბაჟო პუნქტი", რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს ერთის მხრივ, იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ხოლო მეორეს მხირვ - იმ ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ჩვენს გამო დღეს სისხლს ღვრიან?!“, - აცხადებს სიმონიანი. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.

„ვეფხისტყაოსანი“ აფხაზურ ენაზე გამოიცა

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა. გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება. რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა. წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.  

მეუფე შიო: დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენაა მიმართული

"დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი სწორედ მშვიდობისკენაა მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც", – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა. "პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია. როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც“,- განაცხადა მეუფე შიომ.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებისა და უფლებების დარღვევით. რეზოლუცაი 2-6 ივლისს, ბირმინგემში, გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია არ ესწრებოდა. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში მათ შეშვებაზე უარი თქვა.

ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე შეწყდა. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკი გახდა, რომელიც რუსეთის მფლობელობაში გადადის და ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოება  არ ეთანხმება. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ  დე ფაქტო პრეზიდენტს წლის დასაწყისში ხელმოწერილი განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა. ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შემდეგაც ასლან ბჟანიამ შეხვედრა დატოვა. ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.   

პრემიერი ბიჭვინთის საკითხზე: მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ

 „მე მინდა გითხრათ მთავარი, არამხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული“. „მათ (პოლიტიკოსებს, რედ.) შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა აი ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სეტორმა და ოპოზიციამ მოუწოდეს. „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს საგარეო უწყებასთანაც, რომელიც საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

ირაკლი ღარიბაშვილი: ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როცა აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ქვეყნის შენება

დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. „მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.  

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება. Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება. „პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.  

მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

გამოცემა Ekhokavkaza წყაროებსზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სოციალური ქსელები აქვეყნებენ ვიდეომასალას, სადაც საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს. ტელეგრამის არხი AMPA-life წერს, რომ „მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტთის ავტოკოლონიამ უკვე გაიარა გაგრა“. 26 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სამუშაო ვიზიტით სოჭში ჩავიდა.  

პიტერ სტანო: ლუკაშენკოს ეს „ვიზიტი“ არის მტრული ჟესტი საქართველოს მიმართ

„ევროკავშირი თვლის, რომ ეს „ვიზიტი“ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „რუსეთვი2“-ს განიუცხადა.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ბრიტანეთის ელჩი: ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე, ბრიტანეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს

„გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე" - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე", - წერს  მარკ კლეიტონი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: ლუკაშენკოს ვიზიტზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. „ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყნის ლიდერს არ ურჩევს მსგავსი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას: „არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების", - განაცხადა ჯუანშერ ბუჯჭულაძემ.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას ეხმაურება. „პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იყოს," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის

ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.  „არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.  ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.  ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად. დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ.  მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია. და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას.  დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა - ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ.  ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახრა ავიძბა: საქართველოს ხელისუფლებას ომი გულწრფელად არ სურს

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრები, დონეცკში მებრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა (სახელწოდებით „აფხაზი“) აცხადებს,, რომ დასავლელი კურატორები ახორციელებენ ზეწოლას თბილისზე, რათა საქართველომ ომი დაიწყოს. ამის შესახებ Exokavkaza წერს. მედია: დონეცკში მებრძოლი ბატალიონის, „პიატნაშკას“ მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ომი არ სურს. „საქართველოს ხელისუფლებას, გულწრფელად გითხრათ, არ სურს ომი. მას ესმის, რომ თუ ომი დაიწყება, ის შეიცვლება. ოპოზიციას სურს ციხიდან გამოიყვანოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ამ ტალღის ქვეშ ჩვენ თავს დაგვესხას“, - განაცხადა ახრა ავიძბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. „პიატნიშკას“ მეთაური ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო „იარაღით იყო გაჭედილი“, რომელიც შემდეგ „გაისროლეს“. „დღეს თურქეთიდან ხომალდებით მისდით იარაღი, ორჯერ ჩატარდა სწავლება, ამ სოუსით შეჰქონდათ იარაღი და არაფერი გაუტანიათ [უკან], დღეს მათთან ძალის მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა ავიძბამ. „საქართველოს ემზადება ომისთვის. იმისთვის რომ გადაიფიქროს, ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, - აღნიშნა ავიძბამ.  ახრა ავიძბამ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ „ქართველ ხალხს უშუალოდ იცნობს“. „მეორე ვაჟი მყავს ქართველი ქალისგან. პრეტენზია არ მაქვს ხალხზე. მათ შორის გავიზარდე სოჭში. ჩემს დარბაზში 90% ქართველი იყო. მაგრამ მათი აზროვნება და მათი სახელმწიფოს აზროვნება განსხვავებულია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტური ქცეყნები უკრაინა და საქართველოა“, - განაცხადა ავიძბამ. ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.   

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკებისთვის რუსეთმა „ახალი ზედამხედველი“ დანიშნა

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფქტო რესპუბლიკებთან თანამშრომლობას ზედამხედველობას გაუწევს. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. მანამდე, რუსეთის მთავრობაში დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორი ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი იყო.  ალექსანდრ ნოვაკი  2012-2020 წლებში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის 9 ნოემბრიდან კი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საკითხებში. ხოლო 2021 წლის 19 ივლისიდან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში, კურატორად დაინიშნა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ალექსანდრ ნოვაკი უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო მინისტრები“ რუსეთში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ. არძინბამ და ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის შიიტურ სალოცავზე თავდასხმისას 15 ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრეს. საელჩოში არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება“. „გარდა ამისა, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება 3+3 ფორმატი. ეს ის ფორმატია, რომელშიც მუშაობენ რუსეთის ფედერაცია, ირანი, თურქეთი და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან სერიოზული პლატფორმა მომავლისთვის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საკითხების განსახილველად. აფხაზეთის რესპუბლიკა დაინტერესებულია, როგორ ვითარდება ამ პლატფორმის სამუშაო“, - განაცხადა ინალ არძინბამ. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ინალ არძინბასა და ახსარ ჯიოევს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები, ჟენევის დისკუსიების არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება. „ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონაწილეობას კონსულტაციების მექანიზმში აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი გამიზნულია სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ ორი ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

რუსეთის დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტი“ დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ (2022-2025 წლები) შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, ხელშეკრულებას კი მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მოიცავს, რუსეთის მიერ დე-ფაქტო აფხაზეთში სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა და ფინანსური დახმარების საკითხებს. მხარეები განმარტავენ, რომ საუბარი არ არის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სფეროების ვალდებულებებზე. მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს.  

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო.  საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, დე-ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგები მოახსენა. მისივე თქმით, ნაკადის განრიგისა და დროის შეთანხმების შემდეგ სპეციალისტები გაემგზავრებიან აჭგუარას ხაზზე სამუშაოების შესასრულებლად. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, რუსული ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი სწორედ აჭგუარას ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოების დასრულების აუცილებლობას უკავშირდება. გარდა ამისა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზეა.   

ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება

გამნაღმველებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, გვიან ღამით სოხუმის რამდენიმე სკოლა შეამოწმეს. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.  მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, ყველა მშობელმა ვერ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და სამშაბათს დილით ბევრმა მშობელმა შვილები სკოლაში არ გაუშვა. „ცენტრალურ სკოლებში რატომღაც მშობლები პანიკას ქმნიან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. ყოველთვის უნდა იყოს სიფხიზლე და თუ სპეციალისტები ატარებენ რაიმე სახის პრევენციულ ღონისძიებებს, მაშინ, პირიქით, მათ უნდა დაეხმარონ“, - განმარტა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა. ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, დღეს სოხუმის მე-2 სკოლაში სასწავლო განგაში გაიმართება. მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაეცნობიან.  

ევროპარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ ინიციატივას მხარი 540-მა დეპუტატმა მისცა, 6 წინააღმდეგი იყო, 36-მა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთი შეიძლება, მეორე მონაკო, სოხუმი კი, მეორე მონტე-კარლო გახდეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ხოლო სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. მისი თქმით, მთავრობას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შემთხვევაში პირველ სამ წელში აფხაზეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს. "ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიუკრ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - თქვა ღარიბაშვილმა.   

საპატრიარქოს ინიციატივით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად ტაძარი აშენდება

1991-1993 და 2008 წწ. ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. "2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა. დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა. მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა; ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მედიის ცნობით, ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება. 2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.  

პრემიერი: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება

სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი, ღრმად გვწამს-მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაური ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი. ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას - ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს - მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის,” -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.  

რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, „ანტიტერორისტული წვრთნების“ ჩატარებას გეგმავს

რუსული მედიის ცნობით, 10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა. „გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები,“ - განაცხადა კიუტმა. მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის გარღვევის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა. ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად.