NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ზელენსკისთან სატელეფონო საურბის შესახებაც საუბრობს.
NATO-ს ლიდერების სამიტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მე მივესალმე უკრაინელი ხალხის მამაც ქმედებებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად...
დღეს მე შევხვდი NATO-ს მოკავშირეების ლიდერებს, რათა განგვეხილა ჩვენი ერთობლივი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ. როდესაც პრეზიდენტი პუტინი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას.
როგორც გუშინ ვთქვი, შეერთებული შტატები დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ჩვენი ვალდებულება მე-5 მუხლის მიმართ არის ურყევი. მე გავეცი ბრძანება დამატებითი ძალების განლაგების შესახებ, რათა გაიზარდოს ჩვენი შესაძლებლობები ევროპაში, რათა მხარი დავუჭიროთ NATO-ს მოკავშირეებს. მე მტკიცედ მივესალმები NATO-ს თავდაცვითი გეგმების და NATO-ს რეაგირების ძალების ელემენტების გააქტიურების გადაწყვეტილებას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების ვალდებულებებს, განათავსონ დამატებითი სახმელეთო და საჰაერო ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე და საზღვაო ძალები ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ.
დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირი. პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთის გაყოფის მიზანს ვერ მიაღწია. NATO ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ინარჩუნებს ღია კარს იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ამ კრიზისის გადალახვისას, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებდით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნავს ბაიდენი.