უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონმა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას და პერსონალური სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
- „ახლახან ვესაუბრე ემანუელ მაკრონს. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენთან ერთად არის ყველაზე რთულ მომენტებში. მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას, პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას და თავდაცვის იარაღის მიწოდებას. მადლობა საფრანგეთს“.
წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია.
დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს.
25 თებერვალს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს. 25 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემიდან რუსეთის გათიშვას ითხოვს.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.