ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს. ევროკავშირმა ეს ნაბიჯი ისტორიაში პირველად გადადგა. ევროკავშირი რუსეთს საჰაერო სივრცესაც დაუხურავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა.

 

  • ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
  • ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
  • ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ამ მხრივ, ფინანსურადაც დაეხმარება მას.

„წყალგამყოფი მომენტია. კიდევ ერთხელ ვამკაცრებთ სანქციებს კრემლისა და მისი კოლაბორატორის, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსებისთვის. ვკრძალავთ კრემლის მედია მანქანას - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვავითარებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით.

ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ამ სასტიკი თავდასხმის თანამონაწილეა. ასე რომ, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების ახალი პაკეტით დავარტყამთ. გარდა ამისა, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ იმ ბელორუსიელებს, რომლებიც ხელს უწტყობენ რუსეთის ომს. ყველა ეს ღონისძიება ემატება იმ ძლიერ პაკეტს, რომელიც მე წარმოგიდგინეთ გუშინ, შეთანხმებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამ პაკეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რუსული ბანკები SWIFT სისტემიდან გამოირიცხება. ჩვენ ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციებს და გავყინავთ მის მთელ აქტივებს, რათა თავიდან ავიცილოთ პუტინის ომის დაფინანსება. ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.