რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საზიზღარი საქციელია, ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და არ შეიძლება, გამართლდეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია. ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას; პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის გაქრობა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
„ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, - აღნიშნა შოლცმა.
შოლცის შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვალი წყალგამყოფია ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. საშინელი სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლიდან აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. „უკრაინელების ტკივილი იმდენად უსამართლოა, ის ნამდვილად ახლოს მოდის ჩვენს გულებთან“, - განაცხადა შოლცმა.
- შოლცმა პირობა დადო, რომ „ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“.
„გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად. პუტინის აგრესია სხვა პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის კანცლერმა რუსული ბანკების SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვის შესახებ განაცხადა, რომ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს დაფინანსება შეუჩერდებათ.
- ჩვენ, ევროკავშირში, ყურადღებას გავამახვილებთ ოლიგარქებზე. გვაქვს სადამსჯელო ზომები პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.
- ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რასაც ვაკეთებთ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს.
როგორც ცნობილია, გერმანიამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის ნებართვა გასცა.
„ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - დაწერა საპასუხოდ ზელენსკიმ Twitter-ზე.