რუსეთის მიერ კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ 28 თებერვალს იაპონიის პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
„ჩრდილოეთის ტერიტორიები (იაპონიაში ტრადიციულად ასე უწოდებენ კურილიის კუნძულების ტერიტორიებს) ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის მიმდინარე თავდასხმა უკრაინაზე“, - ციტირებს მედია უიამას სიტყვებს.
ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ „იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე“.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.