ჯო ბაიდენი: როცა დიქტატორები ფასს არ იხდიან თავისი აგრესიისთვის, უფრო დიდ ქაოსს იწვევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი მზად იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის და მისი ადმინისტრაცია მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა თავი აარიდა ომის თავიდან აცილების მცდელობებს.

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი - როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ წინსვლას, ხარჯები და საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოსთვის იზრდება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი შეცდა.

„პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის მცდელობები. ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მიმართა.

„პრეზიდენტ ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი გამბედაობა, სიმამაცე, მონდომება შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

აშშ-ის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ინფლაციის მზარდ ფაქტორსაც შეეხო. „ინფლაციასთან ბრძოლის ჩემი გეგმა შეამცირებს თქვენს ხარჯებს და შეამცირებს დეფიციტს“, - დაამატა ჯო ბაიდენმა.