„აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. Reuters-ის ცნობით, ამის პარალელურად, უკრაინული ძალები ხერსონის პორტის დასაცავად, საჰაერო თავდასხმებისა და დამანგრეველი დაბომბვის ფონზე იბრძოდნენ.
რეზოლუციის ტექსტი გმობს რუსეთის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“. გაეროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ბოლოს 1982 წელს მოიწვია. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ.
„მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულოა, მათ პოლიტიკური წონა აქვთ, კენჭისყრა წარმოადგენს უკრაინის სიმბოლურ გამარჯვებას და აძლიერებს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას. რუსეთის ტრადიციულმა მოკავშირემ სერბეთმაც კი კრემლის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა ასამბლეას განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გააძლიეროს თავისი თავდასხმის სისასტიკე და მოუწოდა წევრებს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის პასუხი მოსთხოვონ.
ჩინეთის თავშეკავების შესახებ პეკინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუციის შესახებ არ გამართულა „სრული კონსულტაციები“ ყველა წევრთან. ჩინეთი, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო დაუახლოვდა რუსეთს, აცხადებს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება“, - წერს Reuters-ი.
„შექებას იმსახურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით, რეზოლუციის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა ვერაგი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ თითოეულის და ყველა სახელმწიფოსი, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე. გაეროში, აგრესორისთვის კენჭისყრის დამანგრეველი შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ შეიქმნა და ფუნქციონირებს გლობალური ანტი-პუტინის კოალიცია. სამყარო ჩვენთანაა. სიმართლე ჩვენს მხარეზეა, გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი