უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვა უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ხუთშაბათს რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტი ისაუბრებს და დეტალებს გამოაცხადებს. ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას მკაფიოდ განვაცხადე, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისას მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროინტეგრაცია აირჩია. ჩვენ, ჩვენი ქმედებებით ვაჩვენეთ, რომ პროევროპელები ვართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა იმსახურებს ძალიან მკაფიო ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გროსუმ. 

ბორელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენებმა უბიძგა ხელისუფლებას, დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. თავის მხრივ, ევროპელი ოფიციალური პირები დაჰპირდნენ 20 მილიონი ევროს გამოყოფას მოლდოვას, რომელმაც ამ დღეებში ათიათასობით ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მათ ასევე დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ კიშინიოვს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.