„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 5 მარტს აღარ წარდგება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენის თარიღად 15 მარტს სთავაზობს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა და ჰქონდა ხალხისათვის ანგარიშის წარდგენის სურვილი. მან ხაზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაუსვა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია ყოველწამიერად, პრეზიდენტის თხოვნაა, პლენარული სხდომა 5 მარტს ჩატარდეს და თარიღი არ შეიცვალოს.

„ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში გაიმართოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიუროს სხდომაზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას გააცნობს და შესთავაზებს კონსულტაციებს პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით.

„ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უნდა შეთანხმდეს ყოველწლიური მოხსენების თარიღი. ამავე დროს, მზად ვარ, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შევხვდე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მას საუბარი შესაძლოა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით სურდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებას უკავშირდება და ამ დროს, ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე და სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს