შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნამ, შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს თავის მოკავშირეებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებებით.
„რაც შეეხება არასაფრენი ზონის გამოცხადებას, მსგავსი რამის რეალურად განხორციელების ერთადერთი გზა არის NATO-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც ევროპაში შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ჩაბმას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, სადაც მოკავშირეებთან მართავს შეხვედრებს.
ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელებს მიაწოდონ რუსეთისგან თავდაცვის საშუალებები.
„ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობები შეგვიძლია, ეფექტიანად მივაწოდოთ უკრაინას, რომ თავი დაიცვას და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება. ამრიგად, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, შეიძლება იყოს გამოყენებული, ეფექტურად და დროულად“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, მისი ბირთვული ძალების მობილიზების შესახებ საშიშ რიტორიკას უწოდებს, მაგრამ კვლა იმეორებს შეერთებული შტატების პოზიციას, რომ ეს სტრატეგიულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილების მანიშნებელი არ არის.
„რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს რუსეთის ბირთვულ ძალებზე, პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი და შეერთებული შტატები დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის რეალური გამოყენება დამღუპველი იქნება და მას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება მთელ მსოფლიოში. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მათ შორის ამ წლის დასაწყისში, ჟენევაში პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, იყოს მომგებიანი და არ უნდა გამოყენებული ბრძოლის იარაღად. ბირთვული იარაღის შესახებ პროვოკაციული განცხადება უპასუხისმგებლობაა და ეს საშიში რიტორიკაა. ეს ზრდის არასწორი გათვლების რისკს. საჭიროა მისი თავიდან აცილება. ჩვენ შევაფასეთ პრეზიდენტ პუტინის დირექტივა და მისი განცხადებები. ამ დროისთვის ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ჩვენი მზადყოფნის დონე შევცვალოთ“, - განაცხადა ბლინკენმა 2 მარტს.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა.
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს