ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება

რუსეთზე ზეწოლა არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას, ისევე როგორც მე ვდგავარ აქ, უკრაინაში ჩემს მეგობართან, ჩემს კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად. მხარდაჭერა არამხოლოდ გრძელდება - უსაფრთხოების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა - არამედ, ეს მხარდაჭერა გაიზრდება. რაც შეეხება რუსეთზე ზეწოლას, ეს არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება.

უნდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრით, მისი მთელი მთავრობით, პრეზიდენტ ზელენსკით. გამბედაობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აჩვენებენ, ლიდერობა, რომელსაც ისინი აჩვენებენ მსოფლიოს, ეს შთამაგონებელია. მსოფლიო აქ არის; მსოფლიო შენთანაა“, - აღნიშნა ბლინკენმა.

დაეხმარება თუ არა აშშ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებით, ამ შეკითხვით ჟურნალისტმა ენტონი ბლინკენს მიმართა.

„ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ და ვმუშაობთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ; თავდაცვის მდივანი ოსტინი და მისი კოლეგა რეზნიკოვი ამას აკეთებენ. როგორც უკვე ვთქვი, უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ უპრეცედენტო იყო, არამედ გაგრძელდება, ის გაიზრდება. არის ძალიან, ძალიან ძლიერი ტალღა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელი აგრესიის წინააღმდეგ. პუტინმა დაუშვა საშინელი შეცდომა მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ეს იწყება იმ წარმოდგენით, რომ თითქოს უკრაინა არ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.

უკრაინელები ყოველდღე საპირისპიროს ამტკიცებენ. და საბოლოო ჯამში, მათი სიმტკიცე, მათი გამბედაობა, მათი მონდომება, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები და მხარს უჭერს მსოფლიო, გაიმარჯვებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას. უკრაინა გამარჯვებას აპირებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.


ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს

ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება