ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხვდა. კულებას თქმით, მას ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან რუსეთზე უკვე დაწესებული სანქციების ეფექტიანობასა და გატარებულ ზომებზე, ასევე, სამომავლო ნაბიჯებზე უკრაინის საჭირო იარაღით მომარაგებისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე.

  • „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ დავაწესებთ უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები ასევე კოორდინაციას გაუწევს ძალისხმევას თავის ევროპელ პარტნიორებთან”, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსიები იარაღზე, სანქციებზე, რუსეთის იზოლაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე. მესიჯი, რომლის გადმოცემაც მინდა ახლა, ძალიან მარტივია. უკრაინა ამ ომს მაინც მოიგებს, რადგან ეს არის ხალხის ომი მათი მიწისთვის. თუ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ გაბედულ, სისტემურ გადაწყვეტილებებს; თუ ისინი განაგრძობენ ჩვენთვის საჭირო იარაღის მიწოდებას, ნაკლები დანაკარგი გვექნება. ეს გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს უკრაინაში, ბევრ სახლს. ბევრი ბავშვი დაიბადება. ბევრი ტანჯვა თავიდან იქნება აცილებული. ეს ერთადერთი საკითხია, რომელიც დღის წესრიგში დგას. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც გაკეთდა ბოლო კვირაში - უპრეცედენტო, სწრაფი რეაქცია რუსეთის აგრესიაზე. მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა იარაღი, რომელიც აუცილებელია საბრძოლველად, როგორც ბატონმა ბლინკენმა თქვა, პრეზიდენტ პუტინის არჩეულ ომში“, - განაცხადა კულება, ერთობლივ ბრიფინგზე.


შეკითხვას, თუ რა ტიპის იარაღს ითხოვს უკრაინა, კულებამ უპასუხა:

  • ჩვენ კმაყოფილი ვართ ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგით - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო რამ. ჩვენ ვანადგურებთ უამრავ რუსულ ტანკს და ჯავშანტექნიკას ჩვენი მეგობრების იარაღის გამოყენებით. საიდუმლო არ არის, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა გვაქვს საბრძოლო თვითმფრინავებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ქვეყანას, მათ შორის, შეერთებულ შტატებს, რომლებმაც მოგვაწოდეს „სტინგერები“. ჩვენ მათ ეფექტიანად ვიყენებთ და სწორედ დღეს ჩამოვაგდეთ სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ჩვენს ქალაქებს ბომბავდნენ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დიდი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ცის უსაფრთხოება. თუ ჩვენ დავკარგავთ ცას, გაცილებით მეტი სისხლი იქნება ადგილზე და ეს იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი. მე არ მინდა, ვინმემ გაიზიაროს პასუხისმგებლობა მათ სისხლზე, მსოფლიოში ვინმემ გაიზიაროს პასუხისმგებლობა მათ სიკვდილსა და ტანჯვაზე. 

კვლავ ითხოვს თუ არა უკრაინა არასაფრენი ზონის შექმნას, დმიტრო კულებას თქმით, ეს მოთხოვნა ძალაშია.

  • მოვისმინე NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება და ვწუხვარ, მაგრამ ეს ალიანსის სისუსტის ნიშანია. ბოლო რვა დღის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკა რუსეთის აგრესიამ შეცვალა და ის ქვეყნები, რომლებიც თვლიდნენ, რომ არასდროს მოგვაწოდებდნენ იარაღს, ახლა ამას აკეთებენ. ასე რომ, ასეთ მიდგომას მიჩვეული ვარ. ჩვენ ახლა იმ ფაზაში ვართ, როდესაც NATO ამბობს: არა, ჩვენ არ ვაპირებთ - ჩვენ ამას არ ვაპირებთ. მოვა დრო... ეს ისევ ფასის საკითხია. ჩვენ არა - ეს უკრაინელები არიან, ეს არის უკრაინელი ხალხი, ვინც იხდის ფასს NATO-ს უმოქმედობის გამო.

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ

ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას

ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს