უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საჯაროდ გაემიჯნოს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს „ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო კანონს და სჩადის ომის დანაშაულებს უკრაინაში“. სამინისტროს თქმით ეს გადაწყვეტილება დამატებით რესურსებს აძლევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად, ხოლო ამ ვაჭრობით მიღებული სარგებელი გაჟღენთილია უკრაინელების სისხლით“.
„რუსეთმა ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როცა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს. კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ სარაკეტო თავდასხმებს, ბომბებით ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებს და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომლის გადატანაც ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დაივიწყა და ახლა, ისინი ცდილობენ, გამოიყენონ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, როსსელხოზნადზორი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს.
ამავე თემაზე: რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს