„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა." - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს.
რაც შეეხება პანდემიის პირობებში მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, პედაგოგებისთვის საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები შეიქმნა და მათ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევენ კონსულტაციას.