ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა.

ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე.

„ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ.


ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.