ნედ პრაისი: პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივე პრინციპებია, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში არღვევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას ეხებოდა. ასევე - განცხადებებს, რომ სანქციები ეფექტიანი არ არის. „მთავარი არხის“ შეკითხვა ასევე ეხებოდა უკრინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას.

„რა პოტენციური შედეგი შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში. ეს ქვეყანა თავად გახდა ომის მსხვერპლი 2008 წელს. ბევრ ქართველს ძალიან მკაფიოდ ახსოვს ეს ყველაფერი. შემიძლია, მხოლოდ წარმოვიდგინო, რომ ქართველები, მათ შორის მთავრობის წევრები სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ. ბოლო პერიოდში ვიხილეთ ერთგვარად მოულოდნელად ძლიერი ერთობა, მაგალითად, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა ქვეყანამ მთელ მსოფლიოში, დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ.

141 ქვეყანაში შედიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც გაეროში იშვიათად გამოხატავენ მხარდაჭერას, 2014 წელს როდესაც უკრაინას დაესხა თავს უკრაინას, 100-მა ქვეყანამ დაგმო ეს, 2016 წელს, როდესაც რუსული ძალები ბომბავდნენ სირიის ქალაქ ალეპოს, რეზოლუციას 121-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 141 ქვეყანა დგას ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ერთ პოზიციაზე ვდგავართ.


რაც შეეხება სანქციების ეფექტიანობას, მათი ეფექტიანობა ეჭვს არ იწვევს, ნებისმიერი მონაცემები ადასტურებს, რამდენად მძიმე ტვირთია ეს რუსეთის ეკონომიკისთვის, თუნდაც, ის შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომ რუბლი აბსოლუტურად კარგავს ღირებულებას, ინფლაცია იზრდება, კომპანიების აქციების ფასი ეცემა, საფონდო ბირჟა დახურულია რამდენიმე დღეა და ეს ხდება სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინება აირიდონ. საკამათოც კი არ არის, სანქციებს დიდი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე და ეს არის საკმაოდ მძიმე ზომები“, - განაცხადა ნედ პრაისმა. 

მისივე თქმით, ის პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივე პრინციპებია, რომლებსაც რუსეთი დღესაც არღვევს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ იდეას, რომ საზღვრები ხელუხლებელი უნდა დარჩეს და მსხვილმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაჩაგრონ მცირე ერები; იდეას, რომ ძალა არ უდრის უფლებას; იქნება ეს ევროპაში თუ წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენ, ყველგან ამ პრინციპებს ვიცავთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.