კიევი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი რუსული თვითმფრინავი ბელორუსს დაესხა თავს

კიევი რუსეთს უკრაინის ომში ბელორუსის ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინა რუსულ ავიაციას უკრაინის საჰაერო სივრციდან საზღვრის მახლობლად, ბელორუსის დასახლებაზე თავდასხმაში სდებს ბრალს. უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმები იმ დროს მოხდა, როდესაც ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდებოდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით 14:30 საათზე (GMT 12:30) სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ბელორუსის აეროდრომიდან, გადავიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ესროლა ბელორუსის სოფელ კოპანს.

„ეს არის პროვოკაცია! მიზანია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის სამიზნე ბელორუსის კიდევ ორი დასახლება იყო.

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი და არ აპირებენ რაიმე აგრესიული ქმედებების განხორციელებას ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. 


ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა ემზადებოდა თავდასხმის განსახორციელებლად არამხოლოდ დონბასზე, არამედ ბელორუსის ტერიტორიაზე. ლუკაშენკომ, რომელსაც 10 მარტს პუტინმა უმასპინძლა, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობა“ უწოდა. მანამდე, სამ მარტს განაცხადა, რომ უკრაინის ომში ბელორუსის ჩათრევა სურთ, მანამდე კი, „რუსეთს გაუსწორდებიან“. ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი თავის მიწაზე იომებს.


ბელორუსი რუსული ჯარების, რაკეტებისა და თვითმფრინავების „პლაცდარმად“ გამოიყენებოდა, როგორც მანამდე, ასევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მაგრამ აქტიურ ბრძოლაში არ გამოუყენებია საკუთარი ძალები. გასულ კვირას ლუკაშენკომ, კრემლის უახლოესმა მოკავშირემ, განაცხადა, რომ ბელორუსის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, რასაც რუსეთი თავის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ უწოდებს. 

„ძალიან მინდა, რომ ეს სიტყვები გაიგონ ჩვენმა საერთო მეზობლებმა - ბელორუსიელებმა. მშვიდობა ნათესავებს შორის, მშვიდობა მეზობლებს შორის, მშვიდობა ძმებს შორის, ჩვენც მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ და აუცილებლად მივაღწევთ ამას", - განაცხადა თავის მხრივ, უკრაინია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს სწორედ ბელორუსი მასპინძლობს.