ლეხ კაჩინსკიმ 2008 წელს, თბილისში თქვა: დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთი. ეს საშინელი - „ხვალ“ უკრაინისთვის“ დადგა

„გავიხსენებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც 2008 წელს თქვა თბილისში: „ჩვენ კარგად ვიცით: დღეს - საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთის დრო დადგება“. ეს საშინელი - „ხვალ“, 24 თებერვალს დადგა უკრაინისთვის“, - ამასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ასეთი ცუდი დღე არ დადგეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის.


  • ჩვენ ერთად 90 მილიონი ვართ! ერთად ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, იყვნენ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას ამ უფსკრულიდან, გადაარჩენენ მას ამ საფრთხისგან, შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად ქცევას. ბატონებო! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. გუშინ ვნახეთ, რაზე და რა ფორმით ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებმა. ჩვენ დავინახეთ, ვინ იყო ნამდვილი ლიდერი და იბრძოდა ძლიერი ევროპისთვის, საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის; ვინ ცდილობდა ჩვენ და თქვენ  შეჩერებას. ჩვენ გვესმის, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი პოლონელებისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა. ყველასთან ერთად, ვინც თავისუფლების მომხრეა. ჩვენთვის და თქვენთვის, ევროპისთვის.

 

  • პოლონელო ძმები და დებო! ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე შევქმენით უკიდურესად ძლიერი ალიანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფორმალურია, ეს არის ალიანსი, რომელიც წარმოიშვა რეალობიდან და ეს არ არის სიტყვები ქაღალდზე. დღეს ვერ ვიქნები დარწმუნებული ყველა ევროპული ერის ყველა ლიდერში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თქვენთან ერთად თავისუფლების დაცვაში, რამდენადაც ეს საჭიროა.

    მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე მივიღეთ თქვენი სახელმწიფოსგან, თქვენი ხალხისგან. მადლობელი ვარ თქვენი ძალისხმევისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ უკრაინის ცის დაცვა. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ამ შედეგს, იმ შედეგს, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ. ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი თავისუფლებისთვის. ეს არის დიდი ერების საერთო ისტორია, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.