საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი.
"საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ომის შედეგად რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს, ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა. საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაცია, უკვე მიღწეული პროგრესი ამ გზაზე და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და თანმიმდევრული განხორციელება. მინისტრები მიესალმნენ ვერსალის ე.წ. არაფორმალურ სამიტზე ლიდერთა მხრიდან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება", - ვკითხულობთ განცხადებაში.