პოლონეთის პრემიერი: საზღვარგარეთ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

უკრაინის აღდგენის ფონდი დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე უნდა შეიქმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებთან დენის შმიგალთან და ინგრიდა სიმონიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ლიეტუვასთან ერთად, პოლონეთი უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დაცული იქნება და მასთან ერთად გაძლიერდება ლიეტუვის, პოლონეთის და ევროპის ყველა ქვეყნის უსაფრთხოება. რუსეთის ხელებმა შეიძლება, დიდ მანძილზე მიაღწიოს, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ უნდა მოვიგერიოთ მისი ბარბაროსული ქმედებები“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. 

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, პოლონეთის, ლიეტუვის და სხვა ევროპული ქვეყნების ჰუმანიტარული ძალისხმევა ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან ახლოს, სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე სარაკეტო დარტყმით გაანადგუროს.

მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ვარშავა მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, დააწესონ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ყველა სატვირთო მანქანა უკვე შემოწმდება, რათა დადგინდეს, იგზავნება თუ არა რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონელი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი, არამედ პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება, რადგან ისინი ასევე იცავენ ჩვენს თავისუფლებას", - განაცხადა მორავეცკიმ.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრების დონეზე ლუბლინის სამიტი გაიმართა. პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები ვარშავაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრი მათ კიევიდან ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.