თურქეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთკენ მიმართულ ძალისხმევას შეინარჩუნებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი და გერმანია შეთანხმდნენ, დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევა გააძლიერონ. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინასთან.
- „ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენი საერთო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი შემდეგია: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
„ჩვენ, როგორც NATO-ს ორმა მოკავშირემ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო შეხედულებები და შეშფოთება. შევთანხმდით, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ევროპის უსაფრთხოების დასაცავად.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ თურქეთს აქვს საკვანძო როლი ბევრ სფეროში, განსაკუთრებით უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაში", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ანტალიაში შეხვდნენ.
„ასეთი შეხვედრის ორგანიზება, თავისთავად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, გერმანიას და მის ახალ მთავრობას სურთ, შეაფასონ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების პოტენციალი. მანვე დაამატა, რომ გააქტიურდება მაღალი დონის დიალოგის ფორმატები თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკებები 1995 წლის საბაჟო კავშირის განახლებაზე.