სერგეი ლავროვი: ირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე ვაშინგტონისგან გარანტიები მივიღეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან თეირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობის შესახებ გარანტიები მიიღო. ამის შესახებ  ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გარანტიები ირანის ერთადერთი ბირთვული ობიექტის, ბუშერის რეაქტორის საქმიანობაში რუსეთის მონაწილეობას დაიცავს.

აშშ-მ ბირთვული შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა.

შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები, რომლებიც შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ვაჭრობას ირანთან არ დააზარალებდა.


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება