აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში აშშ-მ ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს.


ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესთავაზა ერთი მილიარდი დოლარის დახმარება უსაფრთხოებისთვის და დაამატა, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაჰპირდა უკრაინას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას.

„ეს ახალი პაკეტი თავისთავად უპრეცედენტო დახმარებაა და მოიცავს 800 საზენიტო სისტემას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამავდროულად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა, შესაბამისად, ისეთი პირობები, რომლითაც „რუსეთი ვეღარ შეძლებს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებას“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ალტერნატიული გამოსავალიც შესთავაზა.

„ეს თუ ზედმეტი მოთხოვნაა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. S-300 და სხვა მსგავსი სისტემები, საკუთარი ხალხის დასაცავად.

„დღეს შემიძლია ვთქვა: მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა. თქვენი გადაწყვეტილების საჭიროება. თქვენი დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.