ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე.

მისი განმარტებით, აქტიურად სრულდება 3-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა და შეაჯამა სამინისტროს მიღწევები.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების მიერ შემუშავებული ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება არსებული გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიზნით თავსებადობის გაზრდა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საერთაშორისო წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხებს.

მან საკუთარ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რომელიც მორგებული იქნება ამოცანით მართვის მოთხოვნებთან. მისი განმარტებით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება.

ღარიბაშვილმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესზე, საარტილერიო კომპონენტის განვითარებასა და, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ჯარის აღჭურვაზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო (ე.წ. კამიკაძე) საფრენი აპარატების შეძენა. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი, თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება. 2021 წელს, ასევე, დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.

სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა 2020 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის, სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების, ასევე სამხედრო განათლების სისტემის სრულყოფის საკითხები.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროების სახელფასო, კვებითი და სამედიცინო პირობების გაუმჯობესების, საბინაო და განათლების შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის კუთხით. მან დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებზეც ისაუბრა. დასკვნით ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და გეგმების იმპლემენტაციის შედეგად, ჯარის ბრძოლისუნარიანობა და თავდაცვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას.

„მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში თავდაცვის ძალებმა მიიღო „ჯაველინის“ ერთი პარტია. 2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.