გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების ნებისმიერ ინტერესს მიესალმება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ეს საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
დღეს ფინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს ფინეთს, თუ ეს სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ ფინეთსა და NAT0-ს შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს.
ამასთან სანა მარინმა გერმანიასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის დაფინანსება და რუსეთიდან წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე უარი თქვან.
„ეს უნდა შეწყდეს... დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ სხვა გზების პოვნას,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობილია, რომ ფინეთი, ცივი ომის დროს ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა. ამასთან, ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ფინეთი და შვედეთი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ სხვადასხვა აქტივობაში 1994 წლიდან არიან ჩართულები.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ