შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მიაჩნია, რომ ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკანონო მიგრაციის შესახებ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის შეკითხვას უპასუხა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რთული თემაა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შეჩერებულია. ახლა არ დავასახელებ ქვეყნებს, საიდან რა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, გადასახედი იქნება სავიზო თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იქნება სამუშაო.
ეს პრობლემები ნამდვილად დგას. სერიოზული პრობლემებია ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გომელაურმა. პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.