რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული მხარე ამჟამინდელ პირობებში არ აპირებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას, რადგან შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი ფუნდამენტური დოკუმენტის ხელმოწერა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს და ცდილობს ზიანი მიაყენოს ჩვენი ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „იაპონელები სამხრეთ კურილებზე უვიზოდ გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ".
"ორმხრივი თანამშრომლობისა და იაპონიის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოკიოს, რომელმაც შეგნებულად აირჩია ანტირუსული კურსი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის განვითარების ნაცვლად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა.
ასევე წაიკითხეთ