პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამის შესახებ Reuters წერს.
„ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აშშ-ის ვაჭრობის მდივან, ჯინა რაიმონდოსთან შეხვედრაზე გამოვთქვით ინიციატივა რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ეს საკითხი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა გადაეცეს“, - აცხადებს ნოვაკი.
ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება.