"მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.
როგორც გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის.
ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.