საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან პოლონეთში გაემგზავრებიან.
„სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების პროცესს. დღეს ქ. რივნოდან ქ. ლვოვის მიმართულებით ორგანიზებულად მოხდა ქ. მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, საიდანაც ისინი უკვე პოლონეთის მიმართულებით, კერძოდ ქ. ვარშავაში გაემგზავრებიან.
მიუხედავად სირთულეებისა საქართველოს საელჩო უკრაინაში მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს მარიუპოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა აღნიშნულ ჯგუფთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდება უკრაინის ტერიტორიიდან, კერძოდ ლვოვიდან და ოდესიდან საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში.
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრების ორგანიზება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სახელმწიფომ უზრუნველყო 2 000-ზე მეტი მოქალაქის სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება.
ასევე, როგორც ცნობილია, სახელმწიფო უზრუნველყოფს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.