ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს. ამის შესახებ businessformula წერს.
კაკაურიძის განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
„პანდემიის შოკიდან გამომდინარე, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაძლოა, ასწლეული გავიდეს და მსგავსი სიმძიმის შოკი მსოფლიო ეკონომიკას არ ჰქონდეს. ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საუბარია, რომ პოტენციურად დაახლოებით მილიარდი დოლარი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის ეს როგორ უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ალბათ, შეუძლებელიც. ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი გვქონდა ვერ მოხდება და ვერც ექსპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. საბაზისო სცენართან მიმართებაში ორივე მაჩვენებელი შემცირდება“,- განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მისი განმარტებით, გავლენების შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინებია მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ შეიცვლება გლობალური ეკონომიკის ტენდენციები.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმისთვის რომ 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე ჩამოვიდეს, ხარჯები ბევრი მიმართულებით შემცირდება.
შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.