საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რთულია პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იმედი აქვს რომ საქართველო რუსეთის სამიზნე შემდეგი სამიზნე არ იქნება.
„ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მხოლოდ ამ ქვეყნით არ შემოიფარგლება. იქნება თუ არა შემდეგი სამიზნე საქართველო? ეს რთული შეკითხვაა. იმედი მაქვს, რომ არა. თუმცა, ჩვენ პირველები ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ იგივე აღარ განმეორდება. საქართველო უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და წართმეულ ტერიტორიებზე მათი ორი სამხედრო ბაზა გვაქვს. მაგრამ, არავინ იცის, თუ როგორი იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ჩვენი დაახლოება ნატოსთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.