"ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, გლობარულმა პანდემიამ გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და თითოეულ მოქალაქეს. 2021 წელი კი იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ასეთი მდგომარეობა აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.
„ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე - პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია.ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.
როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე.
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის, 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას - რა თქმა უნდა დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.