საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ირანი და სხვა მხარეები მზად არიან, აღადგინონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც მკაცრი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეზღუდავს თეირანის ბირთვულ პროგრამას. ამის შესახებ Reuters წერს.
„ახლა ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მიღწეული იქნება,“ - თქვა ბორელმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.