„რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?", - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, როცა პარლამნეტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ლადო კახაძე გიორგი გახარიას სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნას სთავაზობს.
კახაძის თქმით, საქართველოს აქვს სასმელი წყლის დიდი რესურსი და მისი კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას.
„ჩვენ ვამბობდთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ჩვენი რესურსი უნდა ავითვისოთ მაღალ დონეზე.
ჩვენ გვაქვს ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი - სასმელი წყალი. ამ რესურსის კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას და ინტელექტუალ მეცნიერთა დიდი ნაწილი მზად არის თქვენთან, მთელ მთავრობასთან ურთიერთობისთვის და რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?, რომელიც მისი რეალიზაციის გზით, ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ბიუჯეტმა დიდი შემოსავლები მიიღოს.
ეს ყველაფერი კარგად იქნება რეალიზებული სოციალურ სფეროში“, - ჰკითხა ლადო კახაძემ გიორგი გახარიას.
ლადო კახაძის ამ კითხვას გიორგი გახარიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სამელი წყლის პრობლემა ჯერ ქვეყნის დონეზეა მოსაგვარებელი.
გახარიას თქმით, უახლოეს 3-4 წელიწადში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოწოდების საკითხი უნდა მოგვარდეს და გლობალური მიმართულებით ზრუნვა ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„სასმელ წყალს რაც შეეხება, ეს პრობლემა ჯერ ქვეყნისთვის უნდა მოვაგვაროთ.
უამრავი სოფელია ქვეყანაში, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა არის პრობლემა. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება; თუ უახლოეს წლებში არ დავიწყეთ ამის მოგვარება, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გახდება პრობლემა. ასე, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება, ამის შემდეგ კი შეიძლება უფრო გლობალურ საკუთხებზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.