Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის

europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის.

უწყების ინფორმაციით, კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

RakutenViber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.

Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით - ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7-მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ - ში; დიდ ბრიტანეთში; საფრანგეთში; ისრაელში; ლუქსემბურგში; ბელორუსში; ბულგარეთში; სინგაპურში; უკრაინასა და სხვ.

„Rakuten Viber-ის, ამ მასშტაბის და ცნობადობის ბრენდის საქართველოში შემოსვლა ახალი სტიმული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული აქტორებისთვისა და ცალკეული პირებისთვის, განსაკუთრებით, აითი - სპეციალისტებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისროში.