„რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე?“, - ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
„შეცდომა… საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს ხელისუფლებას არ წარმოადგენს? რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე? რატომ რთავს საქართველო ნებას რუს „მშვიდობისმყოფელებს“, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაფრინდნენ აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს მიწები”.
„კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.