2022 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასებმა 0.9 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ფასების ცვლილება ყველაზე მეტად სეზონურ ფაქტორებს უკავშირდებოდა. კიტრსა და პომიდორზე გაზრდილმა ფასებმა ინფლაცია ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო ყველის ფასების კლებამ ინფლაცია ამდენითვე შეამცირა.
„ბოლო პერიოდში კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მოიცავს როგორც გადასახადების გაძვირებას, ასევე სუბსიდირების დასრულების ეფექტს. დეკემბრიდან ამ ფაქტორებს საბაზო ეფექტი დაემატა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციაზე 2020 დეკემბრიდან 2021 თებერვლის ჩათვლით აისახა, რის გამოც ინფლაციამ ამ პერიოდში იკლო. ერთი წლის შემდეგ, საბაზო ეფექტის გამო, კომუნალური გადასახადების გავლენამ წლიურ ინფლაციაზე დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2.0 პროცენტული პუნქტით, 3.6 პროცენტული პუნქტამდე მოიმატა. იანვარსა და თებერვალში კომუნალური გადასახადების წვლილი 3.6 პროცენტული პუნქტის დონეზე შენარჩუნდა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენს. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება. თებერვალში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 17.2 პროცენტი, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 5.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. გასული წლის ოქტომბერში გაძვირების შემდეგ, სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. სამომხმარებლო კალათაში პურს ყველაზე დიდი წონა (3.85%) აქვს.
ამ პროდუქტის წლიური გაძვირება თებერვალში 22.3 პროცენტს გაუტოლდა, რის გამოც ინფლაციაზე მისმა გავლენამ 0.8 პროცენტული პუნქტს მიაღწია. კარტოფილის წვლილი 0.4 პროცენტული პუნქტს, ხოლო კვერცხის და ყველის გაძვირების წვლილი ინფლაციაში თითოეულისთვის 0.3 პროცენტული პუნქტს შეადგენდა. 2021 წლის თებერვალთან შედარებით ბენზინი – 29.3, დიზელი 25.0, ხოლო გაზის საწვავი 17.6 პროცენტით იყო გაძვირებული, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.5 პროცენტული პუნქტს უტოლდებოდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 6.5 პროცენტით გაძვირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.1 პროცენტამდე შემცირდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.