თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, თუმცა ეს საკითხი დეტალურად დასაზუსტებელია. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ არხ NTV-ზე დაყრდნობით წერს.
ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ რუსეთისთვის წერილობით გადაცემულმა წინადადებებმა ომის შეწყვეტის შესახებ, ამ პროცესს „მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა“.
ერდოღანის თქმით, ის მზადაა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოლაპარაკებისთვის უმასპინძლოს.
„ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ამ საკითხზე დეტლები უნდა დაზუსტდეს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, „თუმცა ომი გრძელდება და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გარღვევა ჯერ არ დაფიქსირებულა“.
ბრიტანეთი უკრაინის თხოვნის საფუძველზე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს, თუმცა გამორიცხავს ვალდებულების აღებას, რასაც NATO-ს წევრები ალიანსის ფარგლებში ფლობენ.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“