სტამბოლში 29 მარტს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“. ამის შესახებ 30 მარტს განაცხადა მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას გადასცა ფურცელზე დაფიქსირებული პრინციპები, სადაც შემდეგია გათვალისწინებული:
- უარი NATO-ში შესვლაზე და უკრაინის სტატუსის ბლოკის გარეშე დაფიქსირება;
- უარი ატომურ იარაღზე;
- უარი უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტის განთავსებაზე;
- სამხედრო სწავლებების ჩატარების ვალდებულება, მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, მათ შორის რუსეთისაც;
„უკრაინამ განაცხადა შეასრულოს ის პრინციული მოთხოვნები, რასაც რუსეთი მთელი ეს წლები მოითხოვდა. თუ ეს ვალდებულებები შესრულესდება, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს პლაცდარმის შექმნის საფრთხე ლიკვიდირებული იქნება“, - განაცახდა მედინსკიმ.
დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას დასმული საკითხები მოკლედ შეაჯამა.
პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განრიგს ყირიმის საკითხიც დაემატა.
„სტამბოლის შეჯამება: სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონტურებს ქმნის (NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური). ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების განრიგში ბრუნდება. დასტური უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობაზე. უსაფრთხოების გლობალური პრინციპებისა და ინსტიტუციების როლის გადახედვა იწყება“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
დღეს ასევე ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ