დონალდ ტრამპი: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ

„ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ“ - ასე ეხმიანება ტრამპი ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან რამდენიმე რაკეტის ჩამოგდების საკითხს და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს.

„ბაღდადში ჩვენს საელჩოთან რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. სამი რაკეტის გაშვება ვერ მოხერხდა. გამოიცანით საიდან იყვნენ: ირანი. ახლაც გვესმის ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ დამატებით თავდასხმებზე ხმები...

ირანს მეგობრული რჩევას ვაძლევ: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. იფიქრეთ ამაზე," - წერს ტრამპი.

ტრამპის განცხადებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი Twitter-ში გამოეხმაურა.

„საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება ქვეყნის შიგნით განცდილი კატასტროფული წარუმატებლობებიდან ყურადღებას სხვა რამეზე ვერ გადაიტანს,“ - წერს ჯავად ზარიფი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან რაკეტის ჩამოვარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსიდა.

სამი რეკეტა ჩამოვარდა იანვრის თვეში, მათ შორის ორი — ამერიკის საელჩოსთან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს დაიჭრა ექვსი ადამიანი. იანვარის ბოლოს კიდევ ჩამოვარდა 3 რაკეტა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან რაკეტები ჩამოვარდა ივნისისა და ივლისის თვეშიც. 2 რაკეტა ჩამოვარდა ივლისშიც. როგორც ცნობილია, ამ დროს თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.