თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ შაბათს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხში თავის ქმედებებს კოორდინაციას უწევს რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებთან.
„ევაკუაციის პროცესის შესახებ ანკარას მზადყოფნის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშე, რომელიც ჩვენთან თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით გადაეცა. ჩვენ ასევე კოორდინაციაში ვართ უკრაინის შესაბამის უწყებებთან სამხედრო ატაშეს მეშვეობით“, - განაცხადა აქარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ესაუბრა ტელეფონით რუს და უკრაინელ კოლეგებს სერგეი შოიგუსა და ალექსეი რეზნიკოვს. მისი თქმით, რეზნიკოვთან სტამბოლში პირადი შეხვედრაც ჰქონდა.
„შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა“, - ხაზგასმით აღნიშნა აქარმა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან აქტიურ კონტაქტებზე და უკრაინის პორტებიდან თურქული გემების უსაფრთხო გასვლის საკითხზე.
შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის შესახებ აქარმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გადაზიდვის პრობლემა არ არის.
1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს