წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევებით აღსავსე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე გახლდით როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი.
მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელმა გამომიცხადა მე ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევები, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. მე მეამაყება რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და სადაც იყო მკაფიოდ გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მე მეამაყება ასევე, რომ პრემიერთან ერთად მიღებული მაქვს მონაწილეობა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა სავიზო ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო, ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას ერთიანობა“, - განაცხადა მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება