საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.

„2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. 2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის  ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დაჩქარებული წესით მიიღო, რამაც შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა განხილვის პროცესში და ასევე, კანონპროექტის მომზადებაში სახელმწიფო ინსპექტორიც არ ყოფილა ჩართული.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.

სახალხო დამცველის განმარტებით, საქმეთა განხილვის საკასაციო ეტაპზე კვლავ პრობლემურია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპების დაცვა.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აზრით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები.

„მაგალითად, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

„გავეცანით თავდასხმის დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორცილებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის“, – აღნიშნულია ანგარიშში.